საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის პირველი გათამაშება დღეს გაიმართა.
საიტზე - stopcov.lotto.ge - შედეგები უკვე აიტვირთა, რომლის მიხედვითაც, ყოველდღიურ გათამაშებაში რვა გორელმა მოქალაქემ მოიგო. მათგან 500 ლარიანი პრიზი ერთმა, 100 ლარიანი კი - შვიდმა პირმა.
მოგების გადამოწმება ყველა აცრილს შეუძლია, რისთვისაც საჭიროა საიტზე შეხვიდეთ და ძიების ველში პირადი ნომერი მიუთითოთ.
აქვე, აღნიშნულია გამარჯვებულების ინიციალები, პირადი ნომრის პირველი და ბოლო ციფრები და დასახელებულია, თუ რომელი ვაქცინითაა აცრილი პირი, ამასთან, მითითებულია გამარჯვებულის საცხოვრებელი მუნიციპალიტეტიც.
ცნობისთვის, ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.