გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გორში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარების პროცესს გაეცნენ. ხელისუფლების წარმომადგენლები კომპანია „კულა“-ში იმყოფებოდნენ, რომელიც ერთ-ერთია იმ საწარმოთა შორის, სადაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გლეხებს და ფერმერებს არასტანდარტული ვაშლის ჩაბარება შეუძლიათ.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ არასტანდარტული ვაშლი გადამუშავდება კონცენტრატად, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში გავა ექსპორტზე და ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს მოსახლეობისთვის, დამატებით, 5-6 მილიონ ევროს შემოსავალს მოიტანს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილი გორში, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში იმყოფებოდა, სადაც ვაშლის მოსავლის მიღება-დაბინავების შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო და შემდეგ, მხარის რწმუნებულთან ერთდ კომპანიებსაც ესტუმრა.
შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის, ვალერიან მჭედლიძის განცხადებით, ვაშლის წარმოებით ლიდერი რეგიონისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსავლის დროული დაბინავება.
„აქტიურად ვთანამშრომლობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. სახელმწიფო პროგრამა მნიშვნელოვანი ხელშეწყობაა ფერმერებისთვის“ - განაცხადა შიდა ქართლის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა.
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერით, ფერმერები, პროგრამაში ჩართულ ხილის გადამმუშავებელ საწარმოებში, არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას, არანაკლებ 22 თეთრად, 10 სექტემბრიდან 15 დეკემბრამდე შეძლებენ. სახელმწიფო პროგრამაში 10-მდე ხილის გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.