საზოგადოება
14.09.2021 10:21
მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტის შეთავაზება წელსაც გრძელდება - განათლების სამინისტრო

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები 2021-2022 სასწავლო წლის განმავლობაში შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობას კვლავ შეძლებენ, შესაბამისი მემორანდუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ქვეყანაში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორს – შპს „მაგთიკომს“, შპს „ვიონ საქართველოსა“ და სს „სილქნეტს“ შორის უკვე გაფორმდა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მემორანდუმი ითვალისწინებს პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, ინტერნეტ პროვაიდერების მიერ მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის 20GB მაღალხარისხიანი მობილური ინტერნეტ პაკეტის 10 ლარად შეთავაზებას, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.

„აღსანიშნავია, რომ დარგის სპეციალისტების რეკომენდაციის თანახმად 20GB ინტერნეტი სრულიად საკმარისია ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასწრებისა და შესაბამისი რესურსების მოძიებისთვის.

შეღავათიანი ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა და მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), საჭიროა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის (EMIS) მიერ საგანგებოდ შექმნილ პლატფორმაზე - www.mobile.emis.ge, მოსწავლის ან მასწავლებლის პირადი ნომრის მითითებით, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც სურთ, გაუაქტიურდეთ აღნიშნული პაკეტი.

პაკეტის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით, ვადის ამოწურვის შემდეგ გამოუყენებელი მეგაბაიტები ნულდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ვებ გვერდი www.mobile.emis.ge 15 სექტემბრიდან ამოქმედდება.

კვირის ამბები