საზოგადოება
13.09.2021 13:06
„აიცერი და მოიგე“ - პირველი გათამაშება შედგა, სად უნდა გადაამოწმონ ვაქცინირებულმა პირებმა ლატარიის შედეგები

საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის ლატარიის გათამაშებები დღეიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად - 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელი გათამაშება, 31 დეკემბერს „საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში გაიმართება, სადაც მოქალაქეებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ. ლატარიაში ჩასართავად არაფერია საჭირო, გარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისა.

ლატარიის კომპანიის ინფორმაციით, გათამაშება და შედეგები ყოველდღე, 12 საათზე გამოქვეყნდება ვებგვერდზე https://stopcov.lotto.ge/#/ კოდი, რომელიც ვაქცინაციის დროს მოგენიჭებათ, ავტომატურად ჩაიშვება გათამაშებაში და მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება ყოველკვირეულ გათამაშებებს ორშაბათობით, ყოველდღიური ლოტოს გათამაშების დასრულების შემდეგ დაიწყება. ლატარიის კომპანიის ცნობით, მოქლაქეს ლატარიაში ჩასართავად ტექნიკურად არაფრის გაკეთება არ უწევთ. ბილეთი (ჯავშნის კოდი) ავტომატურად ერთვება გათამაშებაში. რაც შეეხება შედეგების გადამოწმებას, მოქალაქეს მოგების შემოწმება პირადი ნომრით შეუძლია, ამიტომ ჯავშნის კოდი წაეშალათ თუ აღარ ახსოვთ, არ აქვს მნიშვნელობა. რაც შეეხება იმ პირებს,  ვინც აცრა  წინასწარი ჯავშნის გარეშე ჩაიტარა, ყველა მათგანმა რეგისტრაცია ადგილზე გაიარა და სწორედ ამ დროს მიენიჭა კოდი, რომელიც ავტომატურად ვარდება დოლურაში.

როგორც ცნობილია, ლატარიაში ჩაერთვება ყველა ის პირი, ვისაც კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უკვე ჩატარებული აქვს, ასევე ყველა ის პირი, ვინც უკვე აცრილია მინიმუმ ერთი დოზით. ცნობისთვის, საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც უცხო ქვეყანაში არიან აცრილნი, გათამაშება არ ვრცელდება.

1000 ლარამდე მოგებულ თანხას, მოქალაქე ლატარიის კომპანიის ნებისმიერ სერვისის ცენტრში გაანაღდებს. თუ 1000 ლარზე მეტი თანხაა გათამაშებული, უნდა დარეკოთ ლატარიის კომპანიაში და მონაცემების დაზუსტების შემდეგ, მოგებულიუ თანხა ანგარიშზე დაგერიცხებათ.

იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანმა მოიგო, თანხა გადაეცემა მშობელს ან კანონიერ მეურვეს.

კვირის ამბები