გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და პოლონეთის ქალაქ ოჟიშის მუნიციპალიტეტს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საბავშვო ბაღების პედაგოგებმა, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, პოლონეთში თეორიული და პრაქტიკული კურსი გაიარეს, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროექტის მონაწილე პედაგოგები კონკურსის წესით შეირჩნენ.
„პედაგოგები ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის პარტნიორ ქალაქ ოჟიშში, სადაც მათ, პოლონელი ექსპერტების მონაწილეობით, ორმოცსაათიანი სპეციალური საგანმანათლებლო ტრენინგი ჩაუტარდათ. თეორიულ კურსთან ერთად, გორელ პედაგოგებს საშუალება ჰქონდათ, საბავშვო ბაღებში დაკვირვებოდნენ და ჩართულიყვნენ საგანმანათლებლო პროცესში, გაცნობოდნენ სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებთან პოლონელი კოლეგების მიდგომას“, - აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაიაში.
როგორც გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განმარტავენ, პოლონეთიდან დაბრუნებული პედაგოგები, ინკლუზიური განათლების მიმართულებით, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში საქმიანობას ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე შეუდგებიან. ცნობისთვის, თამარ ლურსმანაშვილს, ნათია ტორონჯაძეს, ლანა ვაიცეხოვსკის, ნინო ბექაურსა და ქეთევან ჩიტაძეს პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.