ამ ეტაპზე, ,,გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში 60-მდე თავისუფალი ადგილია, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ვაქცინაციის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი.
,,მოგეხსენებათ, ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი შედარებით დასტაბილურდა და შემცირდა სტაციონარიზაციის რიცხვი, შესაბამისად, ჩვენი ქსელის მასშტაბით მოქმედი კოვიდკლინიკების სტაციონარებშიც შემცირდა მომართვიანობა და თავისუფალი ადგილები არის. ეს ყველაფერი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ გაზრდილია ვაქცინაციის წილი, პირდაპირ შეიძლება იმის თქმა, რომ ვაქცინაციის მზარდი სტატისტიკის პარალელურად, მცირდება ინფიცირების მაჩვენებელი. ამ ეტაპზე, ,,გორმედის“ ქსელში მოქმედ კოვიდკლინიკებში 60-მდე თავისუფალი ადგილია. რაც შეეხება ვაქცინაციას, ჩვენთან მოქმედ კაბინეტებში ქვეყანაში არსებული ყველა ვაქცინით აცრაა შესაძლებელი. იმისთვის, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დასტაბილურდეს, შემცირდეს პაციენტების სტაციონარიზაციის საჭიროება და ლეტალობაც, მოსახლეობამ მეტად უნდა იაქტიუროს ვაქცინაციაზე. რაც შეეხება შეკითხვას, ინფიცირებულთა და სტაციონარში მოხვედრილთა კლასიფიკაციაზე, გვყავდა ყველა ასაკის პაციენტი, ამიტომ, ასაკის მიხედვით დიფერენციაცია, რომ, დავუშვათ, გარკვეულ პოპულაციაში მეტად ვრცელდება ვირუსი ან უფრო მეტად მძიმედ მიმდინარეობს, არასწორი იქნებოდა“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.