სამთავრობო და არასამთავრობო მხარეების სწორი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა ძალიან პოზიტიურად აისახება მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ გორის მერობის კანდიდატმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდგომ განაცხადა.
,,არასამთავრობო სექტორთან შეხვედრამ საკმაოდ ნაყოფიერად ჩაიარა. გავცვალეთ აზრები, იდეები, გავეცანი მათ საჭიროებებს. არასამთავრობო სექტორი ის რესურსია, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და ხელი შევუწყოთ მათ საქმიანობას. მადლობა მინდა გადავუხადო მათ გაწეული შრომისთვის, ვინაიდან დიდია არასამთავრობო სექტორის როლი მუნიციპალიტეტის განვითარებაში. სწორედ მათი საქმიანობის შედეგად, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა მიიღო როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური დახმარება, ჩაერთნენ საგრანტო პროგრამებში, გაიარეს ტრეინინგები, აიმაღლეს კვალიფიკაცია და ა.შ.
დარწმუნებული ვარ, სამთავრობო და არასამთავრობო მხარეების სწორი და შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა ძალიან პოზიტიურად აისახება მუნიციპალიტეტის ცხოვრებაზე. ჩვენ, ორივე მხარეს ერთი მიზანი გვამოძრავებს, რაც ჩვენი რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვაა, დარწმუნებული ვარ, რომ ერთად ამას შევძლებთ“, - განაცხადა ხინჩეგაშვილმა.