საზოგადოება
09.09.2021 12:24
შევძელი და საკუთარ თავს დავუმტკიცე - ეტლი დაბრკოლება არ არის, არ არსებობს ფრაზა „არ შემიძლია“ - პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი

მე ნინო ვარ, პარასპორტსმენი მკლავჭიდში და წოლჭიმის ნაკრების წევრი, 19 წლის ასაკში, ტერფების გამრუდების გამო ოპერაცია გამიკეთეს, რა დროსაც ორივე ფეხზე ნერვი დამიზიანდა და ეტლით მოსარგებლე გავხდი. გზა, რომლითაც დღევანდელ დღემდე მოვედი, რომლითაც ახლა ვცხოვრობ, გრძელი და სირთულეებით სავსე იყო. დიდხანს ვიბრძოდი და ვმკურნალობდი, არ მინდოდა შევგუებოდი ჩემს მდგომარეობას, - ამბობს გორელი პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი.

„შვიდი წლის წინ განსხვავებული და აქტიური ცხოვრება დავიწყე. მუნიციპალიტეტების მასშტაბით შშმ პირთა საბჭოების შექმნა დაიწყო, მე მასში ჩართვა მთხოვეს. ვიფიქრე - ერთხელ მივალ და თუ არ მომეწონება, ძალით ხომ არ დამოტოვებენ მეთქი, თუმცა, პირველივე დღეს ისეთი დადებითი ემოციებით ავივსე, რომ სამუდამოდ დავრჩი. ყველა იმ პროექტში ჩავერთე, რაც კი ხორციელდებოდა და რის შესაძლებლობაც მქონდა. რაც შეეხება კარიერას, ჩემი სპორტული კარიერა მოულოდნელად დაიწყო - ერთ დღეს, ჩვენი ცენტრის მოსწავლეებს საგულშემატკივროდ გავყევი, მონაწილეებს შორის შემთხვევით აღმოვჩნდი, საიდანაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მიმიწვიეს. დღემდე დავდივარ წვრთნებზე, ვარჯიშის დაწყებიდან 5 თვეში ევროპის ვიცე-ჩემპიონი გავხდი მკლავჭიდში, ხოლო 8 მარტს პარაწოლჭიმში, კოლუმბიის (ბოგოტა) მსოფლიო თასის გათამაშებაზე (წონითი კატეგორია 73 კგ.) მეორე ადგილი დავიკავე, რაც უდიდესი წარმატებაა“, - აღნიშნა ნინო საბაშვილმა.

ნინო საბაშვილი გორის სამოქალაქო აქტივიზმის ცენტრის აქტიური წევრია და  პარალელურად, ქარელის დღის ცენტრში, შშმ ბავშვებს ხელოვნებას ასწავლის. როგორც ამბობს, მისი ყველაზე მთავარი მიღწევა ისაა, რომ შეძლო და საკუთარ თავს დაუმტკიცა - ეტლი დაბრკოლება არ არის.

„რაც აქტიური ცხოვრება დავიწყე, მეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გავხდი, ახლა შემიძლია სხვას ვასწავლო, მივცე მოტივაცია და ჩემი გამოცდილებით სხვის სტიმულად ვიქცე. დამერწმუნეთ, ფრაზა „არ შემიძლია“, არ არსებობს, შეუძლებელი არაფერია. ამჟამად, ინტენსიურად ვემზადები მკლავჭიდის ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატისთვის, ასევე, წოლჭიმის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მინდა, რომ შედეგი დადებითი იყოს და თავს არ ვზოგავ. რაც შეეხება გზავნილს, რომელსაც ყველა შშმ პირის მისამართით გავაკეთებდი,  თითოეულ მათგანს მოვუწოდებ, არ მოდუნდნენ, დაისახონ მიზანი და ჰქონდეთ სურვილი იმისა, რომ  შექმნან უკეთესი მომავალი“.

კვირის ამბები