საზოგადოება
09.09.2021 10:28
პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, ვინც პანდემიის გამო ტესტირებაზე გასვლა ვერ შეძლო, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს, ვინც პანდემიის გამო ტესტირებაზე გასვლა ვერ შეძლო, გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, პროფესიული განათლების მიღების მსურველები, ვინც 2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე დარეგისტრირდნენ და ახალი კორონავირუსის (COVID 19) გავრცელების პირობებში ვერ შეძლეს ტესტირებაზე (ზოგადი უნარები, ქიმია-ბიოლოგია) გამოცხადება, 2021 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართონ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე: doc.info@mes.gov.ge.

ცნობისთვის, ტესტირებაზე ვერ გამოცხადების მიზეზად შესაძლოა, ჩაითვალოს: „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე ყოფნა; საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში ყოფნა; საკარანტინო ზონაში ყოფნა; ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა; სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ყოფნა ახალი კორონავირუსის (COVID 19)-ის დადასტურების გამო.

„განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ზემოჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

პირებმა, რომლებიც რეგისტრირებულები არიან საბაზო და საშუალო პროფესიულ პროგრამებზე და მონაწილეობას იღებენ პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ორგანიზებულ შიდა შერჩევებში, ზემოთაღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაში, განცხადებით უნდა მიმართონ შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას“, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კვირის ამბები