საზოგადოება
08.09.2021 17:17
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 69 176 პირი აიცრა, ორი დოზით აცრილია 23 299 მოქალაქე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 69 176 პირი აიცრა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნეს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების და რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა. ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ორი დოზით აცრილია 23 299 მოქალაქე.

,,კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შიდა ქართლში მიმდინარეობს სამედიცინო დაწესებულებებში მოქმედ 9 დაწესებულებაში 24 კაბინეტში და ასევე მობილური ჯგუფების მიერ სხვადასხვა სოფელში ადგილზე, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე. კორონავირუსის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის პირველი დოზით სულ აცრილია 45 877, მეორე დოზით კი, 23 299 მოქალაქე.

 „სინოფარმის“ I დოზით აიცრა 18 174 პირი, II დოზით - 9 309 მოქალაქე;

„ასტრაზენეკა“ - I დოზა 2 451, II დოზა 1 889;

„სინოვაკი“ - I  დოზა 3 457, II  დოზა 1 931;

„ფაიზერი“ - I  დოზა 21 795, II  დოზა 10 170.

უნდა აღინიშნოს, რომ აცრილთაგან ყველა მათგანი შიდა ქართლის  მცხოვრები არ არის.

რაც შეეხება ვაქცინაციაზე აქტიურობას, რაც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია პანდემიის შესაჩერებლად, რამდენიმე დღის განმავლობაში იყო შედარებით დაბალი აქტივობა, თუმცა, ძირითადად იმის ხარჯზე, რომ დაემთხვა უქმე დღეები და ასევე, როგორც გაირკვა, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი ელოდა ვაქცინა ,,სინოფარმს“.

1-7 სექტემბრის ჩათვლით არსებული მონაცემებით, რეგიონში აიცრა 8 403 პირი“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში განთავსებულ ამცრელ პუნქტებში გუშინ 1 638 მოქალაქე აიცრა.

,,რაც შეეხება დღიურ მაჩვენებელს, გუშინ, 7 სექტემბერს, ერთი დღის განმავლობაში, რეგიონში არსებულ 9 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ვაქცინაციის 24 ბრიგადა მუშაობს, აიცრა 1 638 მოქალაქე, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პარალელურად, სოფლებში ვაქცინაციას აწარმოებს მობილური ჯგუფებიც და 7 სექტემბრის დღიურ მონაცემებს ემატება ვაქცინაციის აღნიშნული რაოდენობაც“, - აღნიშნა ქორჩაშვილმა.

რაც შეეხება რეგიონში არსებულ კოვიდსიტუაციას და სტატისტიკას, ამ ეტაპზე, შიდა ქართლში, ინფიცირების 1 836 აქტიური შემთხვევაა, მათგან 164 მოქალაქე მოთავსებულია სტაციონარში, 1 672 პირი კი მკურნალობას სახლში გადის.

კვირის ამბები