კოვიდკლინის რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა უმრავლესობა მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა მძიმეა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“ ,,გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ტატო ჯაჯაიამ განაცხადა.
,,კორონავირუსის ამჟამინდელ ვარიანტსა და მის წინამორბედებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავებაა, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი გახლავთ ის, რომ ,,დელტა“ შტამი გაცილებით მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება, ინფიცირებულთა უმრავლესობა სწრაფად მძიმდება, შესაბამისად, სწორედ ამის გამო მოიმატა ლეტალობამ. ამჟამად, კოვიდკლინის რეანიმაციაში მოთავსებულ პაციენტთა უმრავლესობა მართვით სუნთქვაზეა და მათი მდგომარეობა მძიმეა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კორონავირუსის ,,დელტა“ ვარიანტს სწრაფი მუტაციის თვისება გააჩნია. ასევე, მის ამ ,,უპირატესობას“ ისიც ემატება, რომ აქტიურად ინფიცირდებიან ახალგაზრდებიც, მოზარდებიც, საგრძნობლად შეიცვალა ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომოკომპლექსიც.
ვირუსის სწრაფ გავრცელებას კი ხელს ერთდროულად უწყობს რამდენიმე ფაქტორი - გაზრდილი მობილობა, რეკომენდაციების უხეში დარღვევა და ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი“, - განაცხადა ტატო ქაჯაიამ.