პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა შესარჩევი ტესტირება დღეს დასრულდება. როგორც ცნობილია, წელს ზოგიერთ პროფესიულ პროგრამაზე შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით ხორციელდება.
ინფორმაცია ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, მითითებულია აპლიკანტის პირად გვერდზე. აპლიკანტმა უნდა ამობეჭდოს საგამოცდო ბარათი და ტესტირებისას თან იქონიოს.
გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
გამოსაცდელმა ტესტირებისას თან უნდა იქონიოს: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; კალამი. ასევე, შეუძლია წყლის (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაც. გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე.
გამოცდაზე აკრძალულია მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა; სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
აღნიშნული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში პირი იხსნება ტესტირებიდან.
ცნობისთვის, გამოცდები გორში სამ ლოკაციაზე მიმდინარეობს: გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის 4 კორპუსი (აღმაშენებლის ქ.№124); სსიპ - ქალაქ გორის №3 საჯარო სკოლა (დ. ამილახვარის 26) და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ინოვაციების ცენტრი (ჭავჭავაძის ქ. #69).