საზოგადოება
07.09.2021 11:13
ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და ინიციატივა თვითმმართველი ერთეულის განვითარების საქმეში - ლადო ხინჩეგაშვილი

,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. ხინჩეგაშვილი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ვარიანში, ვარიანის მეურნეობაში, არაშენდასა და საქაშეთში, ასევე საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა და თვითმმართველი ერთეულის განვითარების გეგმაზე ისაუბრა.

მოსახლეობასთან შეხვედრებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი და ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ ვარიანის, ვარიანის მეურნეობის, არაშენდის და საქაშეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მერაბ მელანაშვილი ესწრებოდა.

„ვაგრძელებ შეხვედრებს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობასთან. ამჯერად გორის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში: ვარიანში, არაშენდაში, ვარიანის მეურნეობაში, საქაშეთსა და საქაშეთის დევნილთა დასახლებაში ვიმყოფებოდი. მოსახლეობას ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარების საკუთარი ხედვები გავუზიარე, რომელსაც სულ მოკლე დროში ფართო აუდიტორიას წარვუდგენ. ჩემთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი და ინიციატივა თვითმმართველი ერთეულის განვითარების საქმეში. აღნიშნულ სოფლებში გამართულ შეხვედრებზე პრიორიტეტად დასახელდა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. ადგილობრივების განცხადებით, როგორც შიდა საუბნო, ასევე სოფლებამდე მისასვლელი გზები ფუნდამენტურ რეაბილიტაციას საჭიროებს. დღევანდელ შეხვედრებზე მოსახლეობამ კულტურული და სპორტული სივრცეების მოწყობაზეც ისაუბრა. აუცილებელია თითოეულ სოფელში მოეწყოს ისეთი ცენტრები, რომლებიც ახალგაზრდა თაობებში შემოქმედებითი და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა ხინჩეგაშვილმა.

კვირის ამბები