საზოგადოება
21.11.2019 14:55
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე შეზღუდვას დააწესებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტზე გაყვანასთან დაკავშირებით შეზღუდვის გამკაცრებას გეგმავს.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ საქართველოში ხორცის დეფიციტია. სასაკლაოები ჩივიან, რომ  სულ უფრო და უფრო უჭირთ დასაკლავი პირუტყვის შოვნა. ეს გარემოება შემთხვევითი არ არის, არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რამაც ადგილობრივ ბაზარზე ეს კრიზისი გამოიწვია. უპირველესი მიზეზი კი, ექსპორტის მაჩვენებელია - უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში, ქვეყნიდან, დაახლოებით, 500 000 რქოსანი პირუტყვი გაიყვანეს საზღვარგარეთ გასაყიდად. ბუნებრივია, სწორედ ამან შეამცირა საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა, ამიტომაც, ჩვენ შევიმუშავეთ შესაბამისი პროექტი, რომელიც ექსპორტზე გასაყვანად მსხვილფეხა პირუტყვის წონის 140 კილოდან მინიმუმ 200 კილომდე გაზრდას გულისხმობს“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა.

ხანიშვილის თქმით, უწყებას შესაბამისი დოკუმენტი უკვე მომზადებული აქვს და მთავრობას წლის ბოლომდე წარუდგენს განსახილველად.

კვირის ამბები