პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტთა შერჩევა წელს კოლეჯების მიერ იქნება ორგანიზებული და ონლაინ ფორმატში წარიმართება. როგორც ცნობილია, ზოგიერთ პროგრამაზე შერჩევა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ტესტირების გზით მოხდება, რომლის თარიღები უკვე განისაზღვრა - ტესტირება 6 და 7 სექტემბერს ჩატარდება.
ინფორმაცია ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, მითითებულია აპლიკანტის პირად გვერდზე. აპლიკანტმა უნდა ამობეჭდოს საგამოცდო ბარათი და ტესტირებისას თან იქონიოს, იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ საგამოცდო ბარათის ამობეჭდვას, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერისტეტის პროფესიული განათლების ცენტრი დაგეხმარებათ (შაბათ-კვირას შეგიძლიათ მიმართოთ).
გაითვალისწინეთ, რომ საგამოცდო ბარათზე მითითებულია რეგისტრაციის დაწყების დრო, რომელიც 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობს. დაგვიანებული პირები ტესტირებაზე არ დაიშვებიან.
გამოსაცდელმა ტესტირებისას თან უნდა იქონიოს: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გაცემული საგამოცდო ბარათი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; კალამი. ასევე, შეუძლია წყლის (პლასტმასის ბოთლით) და პირადი ჰიგიენის ნივთების შეტანაც. გამოსაცდელი ვალდებულია მუდმივად ეკეთოს პირბადე.
გამოცდაზე აკრძალულია მობილური ტელეფონის ან სხვა ელექტრონული აპარატურის შეტანა; სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება, გარდა ცენტრის მიერ შეთავაზებული ნივთებისა; გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან სხვა გამოსაცდელისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება; მუშაობის დაწყება შესაბამისი მითითების გარეშე.
აღნიშნული დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში პირი იხსნება ტესტირებიდან.