ქვეყანაში, ამ დროისთვის 25 000-მდე ორსულია, მოვუწოდებ მათ რომ აიცრან „ფაიზერით“, ეს დაინფიცირების რისკს თითქმის 25-ჯერ და გარდაცვალების შესაძლებლობას 200-ჯერ შეამცირებს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლი სეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კორონავირუსის ახალი, „დელტა“ შტამი ფეხმძიმე ქალების მიმართ ძალიან აგრესიული აღმოჩნდა.
„შარშან ჩვენ მხოლოდ ერთი გარდაცვალების შემთხვევა გვქონდა ორსულებში, წელს უკვე 13 გარდაცვალება გვაქვს, თუ არ ვცდები, გუშინ კიდევ ერთი გულდასაწყვეტი შემთხვევა დაგვემატა. ძალიან სამწუხარო ფაქტია, ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ აიცრათ. დღეს 25 000-მდე ორსული არის ქვეყანაში. მოვუწოდებ, რომ ყველა მათგანი მივიდეს და აიცრას „ფაიზერით“ და ორსულობის პერიოდში გაიკეთონ აცრის ორივე დოზა. ეს თითქმის 25-ჯერ შეამცირებს მათი დაინფიცირების რისკს და დაახლოებით, 200-ჯერ შეამცირებს გართულებისა და გარდაცვალების შესაძლებლობას. დავამატებ იმასაც, რომ ფეხმძიმე ქალებს ნებისმიერ ტრიმესტრში შეუძლიათ აიცრან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ორსულებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს და ხვალ ან ზეგ მეან-გინეკოლოგთა განახლებული ასოციაცია განახლებულ პროტოკოლს შეიმუშავებს, რომელიც შეეხება როგორც ანტენატალური დიაგნოსტიკის გაძლიერებას, ისე უშუალოდ ორსულობის პერიოდში ქალების მოვლას.