გორში არსებულ სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცეებს, მალე კიდევ ერთი დასასვენებელი ზონა შეემატება. როგორც ადგილობრივ თვითმართველობაში ამბობენ, პროექტი „სამოქალაქო ბიუჯეტი 2021“ - ის ფარგლებში ხორციელდება და სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 64 993 ლარი დაიხარჯება.
ამ ეტაპზე უკვე დაიგო დეკორატიული ქვაფენილი, დამონტაჟებულია ატრაქციონები, კალათბურთის ფარები, დასასვენებელი სკამები, განათება და ფანჩატური. დარჩენილია მცირე დეტალები, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება.
„სამოქალაქო ბიუჯეტი“ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროგრამის ფარგლებში მოქალაქეები თვითონ წყვეტენ რაში უნდა დაიხარჯოს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილი თანხა. ადმინისტრაციულ ერთეულებს, მათთვის განკუთვნილი თანხით, მაქსიმუმ ორი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობა ჰქონდათ. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს, გორის მუნიციპალიტეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 44 ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. პროგრამის 2021 წლის ბიუჯეტი, რომელიც გასული წლის მსგავსად 2 980 000 ლარს შეადგენს, მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე გადანაწილდა“, - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.