ე.წ საზღვრისპირა სოფელ ნიქოზისა და მიმდებარე სოფლების მაცხოვრებლები, ათი წლის განმავლობაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ისარგებლებენ. დოკუმენტს, რომელიც ნიქოზის ამბულატორიის თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით აღჭურვას ითვალისწინებს, იაპონიის ელჩის რეზიდენციაში მოეწერა ხელი.
გორის მუნიციპალიტეტის კონფლიქტით დაზარალებულ ხუთი სოფლის მოსახლეობისთვის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით შესაბამისი პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართლოსმა“ შეიმუშავა.
„პროგრამის განხორციელება ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 5000-მდე ადამიანის კეთილდღეობაზე აისახება და ჯანდაცვის გეოგრაფიულ და ფინანსურ ხელმისაწვდომობას გაზრდის. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი მოწყვლადი ფენებისთვის, როგორიცაა ქალები, ბავშვები, მოხუცები, სოც. დაუცველები, შშმ პირები და ა.შ. ჩვენ გვსურს, პირველადი ჯანდაცვითი რგოლი რაც შეიძლება ძლიერი იყოს, რათა შევძლოთ დაავადების პრევენცია და მართვა. პროექტის განხორციელების ვადა 1 წელია, რის შემდეგაც მომდევნო 10 წლის განმავლობაში, უფასოდ მოვემსახურებით ნიქოზის თემის სოფლებს. გვსურს, ჩვენი განხორციელებული პროექტებით მცირედი წვლილი შევიტანოთ მშვიდობის მშენებლობაში,“-აღნიშნა ნიქოზის ამბულატორიის დირექტორმა ნიკოლოზ ძამუკაშვილმა.