საზოგადოება
03.09.2021 13:18
არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 10 სექტემბრიდან შეძლებენ

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებებისა და საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტროს ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, გადაწყდა რომ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ჩაბარებას ფერმერები 10 სექტემბრიდან შეძლებენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი და სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი შიდა ქართლის რეგიონში მოქმედი ხილის გადამმუშავებელი საწარმოების წარმომადგენლებსა და საკოორდინაციო შტაბის წევრებს შორის შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, სადაც საწარმოო ვაშლის ფასზე და სუბსიდირების ოდენობაზეც იმსჯელეს.

„სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შესყიდვისას, სახელმწიფო სუბსიდიას - 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობით, მიიღებენ 2021 წლის ვაშლის მოსავლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული ხილის გადამმუშავებელი კომპანიები, რომლებიც მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს, არანაკლებ 22 თეთრად შეისყიდიან.

პროცესის შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, არასტანდარტული ვაშლის შემსყიდველ საწარმოებზე კრედიტი საბრუნავი საშუალებებისთვის, გაიცემა მხოლოდ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავების მიზნობრიობით.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, მათთვის მისაღებ ფასად ჩააბარონ დაბალხარისხიანი ვაშლი. ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ არასტანდარტული ვაშლის გადამუშავებით მიღებული კონცენტრატის რეალიზაცია, მეტწილად, ევროკავშირის ბაზარზე ხორციელდება“, - აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ საწარმოებში არასტანდარტული ვაშლის ორგანიზებულად ჩაბარების მიზნით, ქალაქ გორში საკოორდინაციო შტაბი უკვე მოქმედებს.

კვირის ამბები