საფეხბურთო კლუბ „გორის“ ადმინისტრაციამ, ფეხბურთელებთან და მწვრთნელებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს კლუბის მაისური უსახსოვრა. ღონისძიება, რომელსაც საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელობა, გორის მუნიციპალიტეტის მერი, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახლაგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი, ასევე, ფეხბურთელები და კლუბის ადმინისტრაციის წევრები ესწრებოდნენ, „ქართლის“ სტადიონზე გაიმართა.
სამახსოვრო მაისურზე სწორედ კონსტანტინე თავზარაშვილის საყვარელი ფეხბურთელის, მიშა მესხის ნომერი და თავზარაშვილის გვარია დატანილი, ასევე, მერის მაისურზე საკუთარი ავტოგრაფი დატოვა „გორის“ ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.
როგორც საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორი აღნიშნავს, გასული წლების განმავლობაში, კონსტანტინე თავზარაშვილი კლუბის აქტიური მხარდამჭერი იყო და მისი უშუალო ჩართულობით არაერთი ინფრასტრუქტურული პრობლემა მოგვარდა, შესაბამისად, აღნიშნული ჟესტი კეთილგანწყობის გამოხატვის მიზნით გადადგმული ნაბიჯი იყო.
„მერი ჩვენი მხურვალე გულშემატკივარია. ყოველთვის ვგრძნობთ მის განსაკუთრებულ მხარდაჭერას და ძალისხმევას სკოლის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას. ეს მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ კლუბის მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ერთობლივად გადავწყვიტეთ, გვეჩუქებინა მაისური მისი საყვარელი ფეხბურთელის მიშა მესხის 11 ნომრით და ჩვენი ავტოგრაფებით,“ - აღნიშნავს კლუბის დირექტორი, გია ისიანი.
სიმბოლური საჩუქრის გადაცემის შემდეგ, გორის მერი ფეხბურთელების ვარჯიშს დაესწრო, ასევე დაათვალიერა ახალბაღში მიმდინარე ახალი მოედნის მშენებლობის სამუშაოები.
შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში საფეხბურთო კლუბ „გორის“ განვითარებისთვის, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა: „ქართლის“ სტადიონის სრული რეაბილიტაცია; საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიანი მოედნის განათების რეაბილიტაცია; თ. ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე სარბენი ბილიკების რეაბილიტაცია; ახალბაღის ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია (მიმდინარე).
ცნობისთვის, განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის 750 ჭაბუკი ფეხბურთელი.