„1001 ქართული ორნამენტი“ - ასე ჰქვია მასშტაბურ, უნიკალურ მხატვრულ პანოს, რომელიც 1001 ხელნაკეთი, ასევე ხელით მოხატული კერამიკული ფილისგან შეიქმნა. იდეის ავტორი გორელი ირინა შოთაძეა. ზემოხსენებული ნამუშევარი გორში, ამილახვრის ქუჩაზე მდებარე გოგებაშვილის სკვერში უკვე განთავსდა.
„შეგიძლიათ მიხვიდეთ, ნახოთ, დაათვალიეროთ, მოეფეროთ და უბრალოდ ისიამოვნოთ მისი ხილვით. იმედია,რომ გორელები და ქალაქის სტუმრები შეიყვარებენ და რა თქმა უნდა მოუფრთხილდებიან თითოეულ ფილას“, - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას პროექტის ავტორმა ირინა შოთაძემ.
უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის მონაწილეები ის ახალგაზრდები იყვნენ, ვინც საზოგადოებამ ჩვენი ჟურნალის - „აი იას“ მეშვეობით გაიცნო. 1001 კერამიკული ფილა ქართული ორნამენტებით გიორგი თურაზაშვილმა, მარიამ ჭალიძემ, ანანო დათაშვილმა, ანა ინაურმა და ნატო ჯილავდარმა მოხატეს.
გიორგი თურაზაშვილი, პროექტის მონაწილე: „ამ წამოწყების მთავარი მიზანი იყო ტურისტებისთვის გაგვეცნო ქართული სილამაზე, რაც აისახებოდა ქართულ ორნამენტებში. პროექტზე ვმუშაობდით პროექტის ხელმძღვანელის, ირინა შოთაძის სახელოსნოში, სადაც იყო ძალიან თბილი და მეგობრული გარემო. ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად ერთიანი ძალისხმევა დაგვჭირდა. მე, როგორც რიგითი მონაწილე, დიდ მადლობას ვუხდი პროექტის ხელმძღვანელს და თითოეულ მხატვარს, რადგან შემაძლებინეს საერთო ძალებით დაგვენახებინა ქართული სილამაზე არა მხოლოდ ტურისტებისთვის, არამედ ყველა გარშემომყოფისთვის.
,,მუშაობის პროცესი ძალზე შრომატევადი, მაგრამ, ამავდროულად, უზომოდ საინტერესო და სასიამოვნო იყო. აბსოლუტურად ყველა ფილა ინდივიდუალურია და ერთმანეთისგან განსხვავდება, ყველა მათგანზე გამოხატულია უძველესი ქართული ორნამენტები, რომელთა მოძიებაც ძველი ხალიჩებიდან, წიგნებიდან და სხვადასხვა ორნამენტიდან ხდებოდა.
რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ჯერ ხდებოდა სპეციალურ ყალიბებში კერამიკის ფილების დამზადება, შემდეგ ამ ფილების მოხატვა სპეციალური საღებავით და ბოლო ეტაპი გალხლდათ გამოწვა, რომ საბოლოო ჭიქურის სახე მიღო“, - ამბობს ანანო დათაშვილი.
ჩვენმა კიდევ ერთმა რესპონდენტმა მარიამ ჭალიძემ პროექტისთვის 100 ფილა მოხატა. როგორც მარიამი ამბობს, განსაკუთრებით ამაყია იმის გამო, რომ პროექტში მონაწილეობით ქართული კულტურის პოპულარიზაციის და საერთო საქმის კეთების საშუალება მიეცა.
„ერთი წლის წინ, ირინა შოთაძე დამიკავშირდა და მომაწოდა ინფორმაცია ამ პროექტის შესახებ, რომელიც 1001 ქართული ორნამენტის შესრულებას ეხებოდა. როგორც მითხრა, ფილების დიდი რაოდენობის მოსახატად სჭირდებოდა მხატვრები. მუშაობა ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დღეს დავიწყე. მეგობრებთან ერთად ვხატავდი. მონდომება იმდენად დიდი იყო, რომ ნოემბრის შუა რიცხვებში ფილები უკვე მოხატული იყო, თუმცა, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, მისი გაკვრა ვერ მოხერხდა“, - გვითხრა მარიამმა.
როგორც უკვე გითხარით, პროექტის ფარგლებში შესრულებული ყველა ორნამენტი ქართულია. მონაწილეები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ შესრულებული ნამუშევარი სავიზიტო ბარათად იქცევა და დამთვალიერებელს დიდხანს მიანიჭებს ესთეტიკურ სიამოვნებას.