ძვირფასო მშობლებო, ვინც გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება ბავშვის ბაღში ჩარიცხვის შესახებ, გთხოვთ, დროულად წარმოადგინოთ საბუთები სააგენტოში, ხოლო ვისაც არ მიგიღიათ შეტყობინება, მოგვაკითხეთ სააგენტოში და ადგილზე გაარკვიეთ აღნიშნული საკითხი, - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს ხელმძღვანელის, ლია კოვზიაშვილის თქმით, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ მშობლებს უკვე დაუგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინებები აღსაზრდელთა ჩარიცხვის შესახებ, თუმცა, სოციალურ ქსელში, ზოგიერთი მშობელი მაინც გამოთქვამს პრეტენზიას ინფორმაციის ნაკლებობის შესახებ.
„როგორც კი დასრულდა საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა გადანაწილების პროცესი, ჩვენმა თანამშრომლებმა ეტაპობრივად დააგზავნეს მოკლეტექსტური შეტყობინებები მშობლებთან და აცნობეს ბავშვების ჩარიცხვის შესახებ, თუმცა, სააგენტოს ფეისბუკ გვერდზე არაერთმა მშობელმა მოგვწერა, რომ არ მიუღია ინფორმაცია ბავშვის ჩარიცხვის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე ასეთი შემთხვევა თავად გადავამოწმე და აღმოჩნდა, რომ მშობლებს ნანახი არ ჰქონდათ ჩვენი თანამშრომლების მიერ გაგზავნილი შეტყობინება. სწორედ ამიტომ, რაიმე გაურკვევლობა რომ არ მოხდეს, მშობლებს მოვუწოდებთ, ვისაც არ მისვლია მოკლე ტექსტური შეტყობინება ბავშვის ბაღში ჩარიცხვის შესახებ, აუცილებლად მოგვაკითხონ ოფისში.
აქვე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მშობლებს, ვინც გაიარეთ რეგისტრაცია და მიიღეთ მოკლეტექსტური შეტყობინება ბავშვის ბაღში ჩარიცხვის შესახებ, გთხოვთ, დროულად წარმოადგინოთ საბუთები სააგენტოში“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.
რაც შეეხება სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალს:
ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (¾); მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან; არსებობის შემთხვევაში დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
სააგენტოს მისამართი: სტალინის 16, მეორე სართული