საზოგადოება
02.09.2021 12:33
როდის დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში და როდემდე აქვთ ახლადჩარიცხულ სტუდენტებს საბუთების წარდგენის ვადები

საქართველოში 2021-2021 სასწავლო წელი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლავ ონლაინ ფორმატში დაიწყება. როგორც ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დისტანციურად 4 ოქტომბრამდე ისწავლიან, შემდეგ კი, საბჭოს გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების მიხედვით მიიღებს.

განათლების სამინსიტროს მიერ მინიჭებული უფლების თანახმად, უნივერსიტეტები სწავლის დაწყების თარიღს ინდივიდუალურად ადგენენ და შესაბამისად სწავლას სხვადასხვა დროს იწყებენ. GMnews გაგაცნობთ, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების ვადებს, უნივერსიტეტების აკადემიური კალენდრის მიხედვით:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი სასწავლო წელს 20 სექტემბერს იწყებს. საბუთები 6 სექტემბრიდან მიიღება.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლის დაწყების თარიღია 11 ოქტომბერი. რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 5-დან 20 სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონულად.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დრო ჯერჯერობით დადგენილი არ არის. ხოლო პირველკურსელთა საბუთების მიღება 6 სექტემბრიდან დაიწყება და 16 სექტემბერს დასრულდება.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა დაიწყება 27 სექტემბერს. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 13-20 სექტემბერს, ელექტრონულად იწარმოებს, ხოლო მეორე ეტაპი 20-დან 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

თავისუფალ უნივერისტეტში 2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრი 13 სექტემბერს დაიწყება. რეგისტრაციის პირველი ეტაპი 2-3 სექტემბერს, ხოლო მეორე ეტაპის თარიღია 6-8 სექტემბერი, რაც უნივერსიტეტში მისვლას, ხელშეკრულების გაფორმებას და ინგლისური ენის დონის განმსაზღვრელ ტესტირებას მოიცავს.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი სწავლას 20 სექტემბერს, ხოლო რეგისტრაციას 2 სექტემბრიდან იწყებს.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია 8-დან 13 სექტემბრის ჩათვლით იქნება. სწავლა სავარაუდოდ, 20 სექტემბერს იწყება.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სასწავლო წელი 4 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაცია კი ორ ეტაპად, 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრის ჩათვლით გასტანს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლის დაწყების დრო 13 სექტემბერია. პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება 6 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, დისტანციური ფორმატით.

თბილისის ღია უნივერსიტეტში რეგისტრაციის ვადაა 13-24 სექტემბერი, ხოლო სწავლა 27 სექტემბერს დაიწყება.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სწავლას 20 სექტემბერს დაიწყებენ, ხოლო რეგისტრაცია 6 სექტემბრიდან 23 სექტემბრამდე გაგრძელდება.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს განახლდება. საბუთების მიღება 6 სექტემბრიდან იწარმოებს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი სწავლის დაწყების თარიღი ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა 4 ოქტომბერს დაიწყება. რეგისტრაცია 1-ელ სექტემბერს დაიწყო და 27 სექტემბერს დასრულდება.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია პერიოდულად ახლდება და სხვა უმაღლესი სასწავლებლები სწავლის დაწყების თარიღის შესახებ მოგვიანებით განაცხადებენ.

კვირის ამბები