საზოგადოება
21.11.2019 14:04
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს

დღეიდან ქვეყნის ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოში, ჰაერის ტემპერატურა მკვეთრად დაიკლებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განაცხადა, ცივი და ნალექიანი ამინდი საქართველოში 25 ნოემბრამდე გასტანს. მისივე ინფორმაციით, ცივი და ნალექიანი ამინდი იქნება 24 ნოემბრის ჩათვლით აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, მათ შორის თბილისშიც. სინოპტიკოსი აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში თოვლ-ჭყაპსაც არ გამორიცხავს. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, 22 ნოემბრიდან - 28 ნოემბრის ჩათვლით ტემპერატურა +12+15 გრადუსამდე იქნება. ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე კი, ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს გორშიც. უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზით, მოიმატებს ქარის სიჩქარეც. ხვალ, ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, ღამით კი - მხოლოდ +1 გრადუსამდე გათბება. 24 და 25 ნოემბერს კი, ღამით -2 -3 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. 27 ნოემბრიდან გორში ჰაერის ტემპერატურა კვლავ მოიმატებს და + 10-12 გრადუსამდე გათბება.

კვირის ამბები