სამართალი
01.09.2021 19:15
მიმაჩნია, რომ მათი ქმედება არის ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა - გორის მერმა „tvპირველს“ სასამართლოში უჩივლა

მიმაჩნია, რომ მათი ქმედება არის ჩემი, როგორც არჩეული მერის, რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მცდელობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში ტელეკომპანია „tvპირველის“ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. „დღეს სარჩელი შევიტანე გორის რაიონულ სასამართლოში ტელეკომპანია „tvპირველის“ წინააღმდეგ, რომლის ჟურნალისტმა  მალხაზ მიქელაძემ სატელევიზიო სიუჟეტით გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს სამეფო ქუჩაზე დასაგებ ფილებს ჩემი ეზოს მოსაპირკეთებლად ვიყენებ.

მე საზოგადოებას წარვუდგინე ყველა დოკუმენტაცია, რომელიც უტყუარად ადასტურებს, რომ  ფილები საკუთარი სახსრებით შევიძინე მას შემდეგ, რაც სამეფო ქუჩაზე საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოების გამო დაზიანდა ჩემი საცხოვრებელი სახლის ეზო და საჭირო გახდა მისი ხელახალი მოპირკეთება.

ამის შემდეგ, ტელეკომპანია „tvპირველმა“  და მისმა ჟურნალისტმა, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ჩემი ბრიფინგისა და ქვითრების ჩვენების შემდეგაც გააგრძელა დეზინფორმაციის გავრცელება.

მიმაჩნია, რომ მათი ქმედება არის ჩემი, როგორც არჩეული მერის, რეპუტაციის შელახვისა და დისკრედიტაციის მცდელობა. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე, რომ მივმართო სასამართლოს და მოვითხოვო მათივე ეთერით ჩემ შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის უარყოფა, ასევე,  მორალური ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის ოდენობით. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღნიშნულ თანხას გადავრიცხავ სოლიდარობის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად.

ჩემი ღრმა რწმენით,  ჟურნალისტის პროფესიონალიზმის პირველი ნიშანი ობიექტურობაა, ის  უნდა ავრცელებდეს გადამოწმებულ ინფორმაციას და არა სიყალბეს, რომელსაც მიზანმიმართული ხასიათი აქვს.

მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო გამოიტანს შესაბამის გადაწყვეტილებას“, - აცხადებს გორის მუნიციპალიტეტის მერი.

კვირის ამბები