გორის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელი კუთვნილ ბუკს 15 სექტემბრამდე მიიღებს, - ამის შესახებ GMnews-ს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა განუცხადა.
როგორც ტერმაკოზაშვილმა აღნიშნა, ბუკები საგანამანათლებლო რესურსცენტრს უახლოეს დღეებში გადაეცემა.
„სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში კუთვნილ ბუკებს წელსაც ყველა პირველკლასელი მიიღებს. სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება მომწოდებელ კომპანიასთან და ელექტრონულ ტექნიკას ველოდებით უახლოეს დღეებში. ბუკები გადაეცემა სკოლებს და შემდეგ კი, გასული წლის მსგავსად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები არსებული რეგულაციების დაცვით გასცემენ მოსწავლეებზე. ასე რომ, მოსწავლეებს სწავლის დისტანციური მოდელით დაწყების პირობებში ონალინ გაკვეთილებზე ჩართვის პრობლემები არ შეექმნებათ,“ - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ წელს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში 1 765 პირველკასელია რეგისტრირებული. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება და 4 ოქტომბრამდე ამ მოდელით გასტანს.