წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე სკვერში განთავსებული ინვენტარის დაზიანების ფაქტებთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს
გორში, წმინდა წყლის დასახლებაში მდებარე გასართობ და დასასვენებელ სივრცეში განთავსებული ინვენტარის დაზიანებისა და გაძარცვის ფაქტებთან დაკავშირებით, ადგილობრივი თვითმმართველობა განცხადებას ავრცელებს. გორის მერია მოსახლეობას თხოვნით მიმართავს გაუფრთხილდნენ საერთო გარემოს.
„სკვერი, რომელიც სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში გორის მერიამ მოაწყო, რამდენიმე დღეა, რაც დასრულდა და ქალაქს კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე შეემატა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ეს არის უკვე მეორე შემთხვევა, რაც ადგილზე მისულ პატარებს საქანელების ნაწილი აღარ დახვდათ.
გორის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით, ნუ დააზიანებთ და ნუ გაძარცვავთ იმას, რაც ყველას საკუთრებაა და განსაკუთრებით მოვუფრთხილდეთ ჩვენი პატარების სივრცეებს. მომავალი თაობა იმსახურებს ყველაფერს საუკეთესოს და ერთად უნდა ვიზრუნოთ მათი ცხოვრების გალამაზებაზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.