საზოგადოება
01.09.2021 11:10
მასწავლებელთა გამოცდის შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების სააპელაციო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო.

როგორც ცნობილია, საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 1-ელ სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყო და 3 სექტემბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება. ცნობისთვის, სააპელაციო განაცხადის დაფიქსირება მხოლოდ ელექტრონულად არის შესაძლებელი შემდეგ ვებგვერდებზე: online.naec.ge და  www.naec.ge.

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.

სააპელაციო განაცხადის შესავსებად აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ, შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი. ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებს ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც სურს (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას). ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

შეგახსენებთ, რომ საპრეტენზიო განაცხადებს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს.

კვირის ამბები