საზოგადოება
31.08.2021 18:02
2021 წლის მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დასრულდა - სააპელაციო განაცხადების მიღება ხვალ დაიწყება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება დღეს დაასრულა. როგორც უწყებაში განმარტავენ, სააპელაციო განაცხადების მიღება ხვალ დაიწყება.

როგორც ცნობილია, საპრეტენზიო განაცხადების მიღება პირველი სექტემბრის 10:00 საათიდან 3 სექტემბრის 18:00 საათამდე, მხოლოდ ელექტრონულად განხორციელდება შემდეგ ვებგვერდებზე:  online.naec.ge და  www.naec.ge. 

სააპელაციო განაცხადის შევსებამდე აპლიკანტმა უნდა გადაიხადოს საფასური 50 ლარი. გადახდა ოპერატიულად აისახება სისტემაში. ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაში, თანხა განცხადების საფუძველზე უკან ბრუნდება.
სააპელაციო განაცხადის შესავსებად აპლიკანტი უნდა ეწვიოს ვებგვერდს: online.naec.ge და აპელაციისათვის განკუთვნილი ღილაკის გამოყენების შემდეგ, შესაბამის ველებში უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი და საგამოცდო ბარათზე მითითებული საიდენტიფიკაციო (ცხრანიშნა) კოდი. ღილაკის - „შესვლა“ - გამოყენების შემდეგ იწყებს ტესტის იმ ნაწილების მონიშვნას, რომელთა გასაჩივრებაც სურს (თუ აპელაციის საფასური არ გაქვთ გადახდილი, სისტემა არ მოგცემთ პროცესის დასრულების შესაძლებლობას). ამ აღნიშვნების შემდეგ სისტემა თქვენს განაცხადს შეინახავს, როგორც დროებითს, რომელშიც არაერთხელ შეგიძლიათ ცვლილების შეტანა. დროებითი განაცხადი გაუქმდება, თუ არ გამოიყენებთ ღილაკს „გაგზავნა“.

შეგახსენებთ, რომ საპრეტენზიო განაცხადებს დამოუკიდებელი კომისია განიხილავს.
კვირის ამბები