იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ქვემოთ იქნება, 4 ოქტომბრიდან სწავლა განახლდება საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში, - ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ და რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი.
„როგორც სახელმწიფო, ასვე კერძო ბაღები, არ ინფუნქციორებენ 4 ოქტომბრამდე და 4 ოქტომბერს რასაკვირველია ამ საკითხს დავუბრუნდებით. რაც შეხება სკოლებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, 4 ოქტომბრამდე ეს დაწესებულებები იფუნქციონიერებენ დისტანციურ რეჟიმში.
სკოლებთან დაკავშირებით, დავაკონკრეტებ, რომ 15 სექტემბერს, როგორც არის გამოცხადებული, სასწავლო პროცესი იწყება, სემესტრი დაიწყება, მაგრამ დისტანციურ რეჟიმში და ეს იქნება 4 ოქტომბრამდე. მინდა დეტალურად აგიხსნათ, რა მოხდება 4 ოქტომბერს და როგორი კრიტერიუმით ვისარგებლებთ, გადავწყვიტეთ, რომ დიფერენცირებული მიდგომა გვექნება. ეს გულისხმობს შემდეგს - იმ ქალაქში ან სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ქვემოთ, იქ სწავლა განახლდება საკლასო ოთახებში და შესაბამისად, აუდიტორიებში, ანუ დასწრებულ ფორმატში, ხოლო იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც 4%-ზე მაღალი იქნება, კვლავ დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება.
როგორც იცით, ამჟამად საქართველოში სხვადასხვა შტამებს შორის, „დელტა“ შტამი შეადგენს 90%-ს და სამწუხაროდ, გავრცელების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება ბავშვებსა და ახალგაზრდებში, სწორედ ამიტომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, უწყებათაშორისმა საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ჩხენკელმა.