იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით,საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობის მიზნით, მოქალაქეების გარკვეულ კატეგორიაზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. აქცია ხვალიდან, 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.
უწყების ინფორმაციით, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომელთა საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს) მოქმედების ვადა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი); საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი და აქციაში, ასევე ჩაერთვებიან ის მოქალაქეებიც, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ.