საზოგადოება
31.08.2021 11:09
75 წლის ვაქცინირებული პაციენტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და არაერთი თანმხლები პათოლოგია ჰქონდა, გამოჯანმრთელდა - ექიმი

ვაქცინირებული პაციენტი, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა და არაერთი თანმხლები პათოლოგია ჰქონდა, გამოჯანმრთელდა და გაეწერა ბინაზე, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის გორის კოვიდკლინიკის ექიმმა თერაპევტმა მაია წიქარიძემ განაცხადა.

75 წლის ნელი ხოდელის თქმით, იგი, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან დაინფიცირდა.

,,შაქრიანი დიაბეტი მაქვს, ასევე გულის დაავდებები, მიხარია, რომ მივიღე ვაქცინაციის გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში, შესაძლოა, ახლა ძალიან ცუდად ვყოფილიყავი. სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან დავინფიცირდი. 5 დღის განმავლობაში შინ ვმკურნალობდი, მე-6 დღეს გადმომიყვანეს სტაციონარში. მძიმედ არ წარმართულა ჩემი ავადმყოფობა.

მადლობას ვუხდი ექიმებს პაციენტებზე ასეთი ზრუნვისთვის და ყველას მოვუწოდებ აცრისკენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ვაქცინაციამ გადამარჩინა“, - განაცხადა ნელი ხოდელმა.

ხოდელის მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს არაერთი თანმხლები პათოლოგია ჰქონდა.

,,პაციენტი იყო ვაქცინირებული, დაინფიცირებიდან 6 დღის განმავლობაში ცხელებით მკურნალობდა ბინაზე ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით, შემდგომ კი, იმის გათვალისწინებით, რომ აქვს ბევრი თანმხლები პათოლოგია - დიაბეტი, გულის უკმარისობა, ჰიპერტენზია, ჰიპოთირეოზი, არითმია, კოქსართროზი, გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია ჩვენს კლინიკაში. კლინიკაში შემოყვანისას იყო ფილტვების  სამქულიანი დაზიანება, რაც არ გაზრდილა. საჭირო არ გახდა ჟანგბადის მიწოდება, ცხელება მალევე კუპირდა და გაეწერა ბინაზე სტაბილური მდგომარეობით. რომ არ ყოფილიყო პაციენტი ვაქცინირებული, თაბნმხლები დაავადებების ფონზე, ვფიქრობ, მდგომარეობა წარიმართებოდა აბსოლუტურად სხვაგვარად და შესაძლოა, დამთავრებულიყო ცუდი შედეგით“, - განაცხადა მაია წიქარიძემ.

კვირის ამბები