ინფორმაცია, რომელიც ,,ტვ პირველმა“ გაავრცელა, თითქოსდა, ფილები, რომელთა დაგებაც გორის ქუჩების საფეხმავლო მონაკვეთებზე ხდება, საკუთარ ეზოში გამოვიყენე, გახლავთ დეზინფორმაცია და უფრო მეტიც, კორესპონდენტმა შეცდომაში შეიყვანა ტელეკომპანიაც და საზოგადოებაც, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა.
თავზარაშვილის ინფორმაციით, 302 კვ.მ. ოდენობის ფილები ფირმა ,,ლეგი“-სგან შეიძინა.
,,აბსოლუტური დეზინფორმაცია ვრცელდება ჩემს წინააღმდეგ, თითქოს, ფილები, რომელთა დაგებაც გორის ქუჩების საფეხმავლო მონაკვეთებზე ხდება, საკუთარი ეზოს მოსაპირკეთებლად წავიღე.
გორის ქუჩებში მიმდინარე რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდმა და არც მე და არც გორის მუნიციპალიტეტის მერიას ამ ტენდერთან არანაირი შეხება არ გვაქვს. რაც შეეხება დეზინფორმაციას, რომელიც ,,ტვ პირველის“ ეთერით გავრცელდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. არსებობს კონკრეტული დოკუმენტები, რომელიც ცხადყოფს, რომ მე, მოქალაქე კონსტანტინე თავზარაშვილმა, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს, ფირმა ,,ლეგის“ მივეცი შეკვეთა 302 კვ.მ. ოდენობის ექსტერიერის ფილა ,,მოდერნზე“ - Modern 60-T W Color Mix ობსიდიანი (დოკუმენტებში მითითებულია შესაბამისი პროდუქციის შესყიდვის კოდი და ამ კოდის საფუძველზე გადახდის ქვითრები), აღნიშნული ფილები დამზადდა 13 აგვისტოს და აქვე ხაზგასმით უნდა გითხრათ, რომ ეს ფილები, რომელთა დაგებასაც ვგეგმავ საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, იმ ფილების იდენტურიც კი არ არის არც ფორმით და არც სხვა პარამეტრებით, რომლითაც სამეფოს ქუჩის საფეხმავლო მონაკვეთების მოპირკეთება ხდება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კონკრეტული ჟურნალისტი და შესაბამისად, ტელეკომპანია, რომელსაც ეს ჟურნალისტი - მალხაზ მიქელაძე წარმოადგენს, ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება, ამიტომ, ვითხოვ გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფას იგივე მედიასაშუალებით და ბოდიშის მოხდას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივმართავ სხვა სამართლებრივ გზებს“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა.