საზოგადოება
30.08.2021 14:54
გორის უნივერსიტეტის თანამშრომელთა უმრავლესობა აცრილია და პროცესი კვლავ გრძელდება, რა მდგომარეობაა სტუდენტების ვაქცინაციასთან დაკავშირებით

საქართველოში ახალი სასწავლო წელი ოფიციალურად 15 სექტემბერს იწყება, თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, სკოლებსა და უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში დასწრებული სწავლების რეკომენდაციას უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭო იმ შემთხვევაში გაცემს, თუ საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციის 80 % სრულად ვაქცინირებული იქნება, აცრის რეკომენდაცია ვრცელდება სტუდენტებზეც.

GMnews დაინტერესდა, რა მდგომარეობაა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში და თანამშრომელთა რა რაოდენობაა აცრილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ხორბალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის უმაღლესი სასწავლებლის თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობა უკვე აცრილია და ასევე, დარჩენილი პროფესორ-მასწავლებლებიც აქტიურად არიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში.

„გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ყველა თანამშრომელი ინფორმირებულია ვაქცინაციის აუცილებლობისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის შესახებ. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი თანამშრომელბის საკმაოდ მაღალი პროცენტული რაოდნობა უკვე აცრილია და დანარჩენებიც ეტაპობრივად ერთვებიან პროცესში. ასეთივე სიტუაციაა პროფესიულ სასწავლებელშიც, რასაც ვერ ვიტყვი სტუდენტებზე. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო აქტიურ საინფორმაციო კამპანიას ეწევა და ჩვენც, ჩვენი მხრივ, აქტიურად ვავრცელებთ არსებულ რეკომენდაციებს, ზაფხულის პერიოდში მაინც რთული სტუდენტების მობილიზება. იმედს ვიტოვებ, რომ მომავალ სასწავლო წელს აუდიტორიებში შევხვდებით“, - აღნიშნა გიორგი ხორბალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭო უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების საკითხზე ხვალ იმსჯელებს.

კვირის ამბები