ბოლო 24 საათში გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 70 ახალი შემთხვევა დადასტურდა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვირა დღეს ტესტირება ნაკლებად ტარდება, ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, - ამის შესახებ GMnews-თან გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა.
გიუნაშვილის ინფორმაციით, ანალოგიური ვითარებაა ბოლო 3 დღის განმავლობაში დაფიქსირებული მაჩვენებლის საფუძველზე.
,,იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის მასშტაბით ახალი შემთხვევების მაჩვენებელმა ოდნავ დაიწია, ვერ ვიტყვით, რომ კლების ტენდენცია შეიმჩნევა გორის მუნიციპალიტეტში. ბოლო 24 საათში ჩატარებული ტესტირების შედეგად გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 70 ახალი დადასტურებული შემთხვევა, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კვირა დღეს ტესტირება ნაკლებად ტარდება, მოქალაქეები სამუშაო დღეებში უფრო აქტიურად მიმართავენ ტესტირების ცენტრებს ვიდრე უქმეებზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. ანალოგიურის თქმა შეიძლება ბოლო 3 დღის განმავლობაში დაფიქსირებულ შედეგებზე დაყრდნობით. ასე რომ, მოდუნების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა არსებული წესი, რეკომენდაცია თუ შეზღუდვა, რომ არ მოხდეს ინფექციის გავრცელების მასშტაბების კიდევ უფრო გაზრდა“, - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.