სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება და რიგ შემთხვევაში, სავალალო გამოსავლით სრულდება, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა და ორსულებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციისკენ.
,,ზოგადად, ორსულობა მოწყვლადი მდგომარეობაა ამ ინფექციის დროს, განსაკუთრებით „დელტას“ შემთხვევაში. სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოში გახშირდა ორსულების ინფიცირება და რიგ შემთხვევაში, სავალალო გამოსავლით სრულდება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძალიან საყურადღებო სიტუაციაა. დაცვის ერთადერთი საშუალება არის აცრა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ და ვთხოვ ყველა ორსულს, რომ აიცრან. რომელ თვეში იქნებიან, არ აქვს მნიშვნელობა, აუცილებლად ორჯერადად აიცრან, რადგან აცრა ორსულს შემდგომი გართულებებისგან დაიცავს. მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიც ჩართულია ჯანდაცვის სამინისტროს კოორდინირებით და გარკვეული ცვლილებები იქნება, როგორც ატენატალური მეთვალყურეობის ეტაპზე, ისე ორსულობის პერიოდშიც“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა.