ტურიზმი
20.11.2019 17:28
ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - ანტიკური ხანის კიდევ ერთი ძეგლი გორის მუნიციპალიტეტში

გორის მუნიციპალიტეტი კულტურული ძეგლების, უძველესი ნამოსახლარების, ტაძრებისა თუ ციხე-სიმაგრეების სიმრავლით გამორჩეული რეგიონია, აქ აღმოჩენილი არტეფაქტები კი, მრავალი ეპოქის შესახებ ინახავს ცნობებსა და ისტორიებს. საყოველთაოდ აღიარებულია, რომ პირველი ნამოსახლარი შიდა ქართლში (და არამარტო) უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ისტორიული ციხე-ქალაქის ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ არანაკლებ ძველი გახლავთ გამოქვაბულების კომპლექსი, რომელიც  სოფელ ქვახვრელის აღმოსავლეთით, უფლისციხის გამოქვაბულების მოპირდაპირე მხარეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს.

GMnews-ი, ადრინდელი ფეოდალური ხანით დათარიღებული ძეგლის შესახებ რამდენიმე საინტერესო ფაქტს გაგაცნობთ.

ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი კლდის სიღრმეში ნაკვეთ ეკლესიას, კორიდორებს, სადგომებსა და სამრეკლოს აერთიანებს (რომელიც გამოქვაბულის შესასვლელის თავზე, ოდნავ მოგვიანებით, ნატეხი ქვითაა დაშენებული). ისტორიული წყაროების ცნობით, ანტიკურ ხანაში, ზემოხსენებული ძეგლი უფლისციხის თემში შემავალი სასოფლო-სამეურნეო გარეუბანი იყო. არსებობს მოსაზრება, რომ ოდესღაც, ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი მტკვრის ქვეშ გამავალი საიდუმლო გვირაბით  უფლისციხის კლდეში ნაკვეთ ქალაქს უკავშირდებოდა.

XVIII საუკუნეში, სოფელ ქვახვრელის მიდამოებში სომხური მოსახლეობის მიგრაცია განხორციელდა და კვირაცხოვლის სახელობის ეკლესიაში გრიგორიანელმა მრევლმა დაიწყო სიარული, რასაც გამოქვაბულის კედლებზე ამოკვეთილი 17 სომხური ხაჩკარის  (ქვაჯვარი) ამოკვეთაც ადასტურებს.

დღესდღეობით, ქვახვრელის კვირაცხოვლის სახელობის ეკლესია სამთავისისა და გორის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

კვირის ამბები