მთავრობა ვაქცინირებულების წახალისებას გეგმავს - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ჩატარდება ლატარია და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ.
როგორც ამირან გამყრელიძემ მედიავებინარზე საუბრისას განაცხადა, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
„საბჭოს წინა სხდომაზე განხილული იყო წახალისების და ლატარიის საკითხი. ფინანსთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ 1-ელ სექტემბერს გაკეთდება განცხადება, როდიდან დაიწყება ე.წ. პერმანენტული ლატარიის გათამაშება, რათა წახალისებული იყოს ადამიანი გარკვეული ფულადი ჯილდოებით. შედგენილია სქემაც, ყველაფერი. ჩვენს ბაზებთან ექნება ლატარიის კომპანიას კავშირი, რათა იდენტიფიცირებული იყვნენ ერთხელ ან ორჯერ აცრილი ადამიანები და შესაბამისად, მოხდება გათამაშებები. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება სექტემბრის დასაწყისში გაკეთდება, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს ლატარიის კომპანიასთან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.