საზოგადოება
27.08.2021 12:58
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე საგანში მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა

დღეს, გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა რამდენიმე საგანში მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა ტესტირების შედეგები გამოაქვეყნა. ცნობილი გახდა ტესტირების შედეგები ქართულ ენასა და ლიტერატურაში (VII-XII), მათემატიკაში (VII-XII), ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში, პროფესიულ უნარებში, მუსიკასა და ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, შედეგების სანახავად აპლიკანტები უნდა ეწვიონ ვებ.გვერდებს: www.naec.ge და online.naec.ge. პირად სარეგისტრაციო გვერდზე, სადაც მას საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული ქულის ნახვის შესაძლებლობა აქვს.

ამასთან, შედეგების გაგება შესაძლებელია მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც. ამისათვის აპლიკანტმა მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნოს ნომერზე 93333.

სხვა საგნების შედეგები ეტაპობრივად, გასწორების დასრულებისთანავე გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. სააპელაციო განაცხადების მიღება კი შედეგების გამოქვეყნების დასრულებისთანავე დაიწყება.

კვირის ამბები