საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რიგ შემთხვევებში, როდესაც ინფიცირებული ორსული პაციენტები სამედიცინო დაწესებულებებს აკითხავენ, სტაციონარიზაცია უკვე დაგვიანებულია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა შეიცვალოს თუ არა ორსული ქალებისთვის ვაქცინაციის პროტოკოლი, ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ამაზე გინეკოლოგთა ასოციაციაციის მიერ გამოქვეყნებული დასკვნის შემდეგ იმსჯელებენ.
„თითოეული პაციენტის ასეთი მძიმე გამოსავალი არის მთელი ქვეყნის ტრაგედია. ჩვენ ამ გართულებებს ვაკვირდებით სამედიცინო და სტატისტიკურ ჭრილში. ჩართულია გინეკოლოგთა ასოციაცია, რათა მათ დადონ კონკრეტული დასკვნები, რაც არის მიზეზი იმის თუ რატომ გვაქვს ბოლო პერიოდში გახშირებული ლეტალური შემთხვევები ორსულებში. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ, რიგ შემთხვევებში, დაგვიანებულია სტაციონარიზაცია. მაგალითისთვის, გუშინ ერთ-ერთი ორსულის სამეგრელოს რეგიონიდან საავადმყოფოში გადმოყვანა იყო საჭირო, თუმცა ამ ორსულს დარეკილი არ ჰქონდა 112-ზე, სამაგრიეროდ პოსტი ედო „ფეისბუქზე“. ჩვენ ვიღებთ სოციალური ქსელიდანაც დამატებით ინფორმაციებს და ის პაციენტები, რომლებიც სამწუხაროდ არ მიმართავენ ექიმს, მაგრამ არჩევენ სოციალური მედიით კომუნიკაციას, ვცდილობთ, რომ ვიყოთ ყურადღებით“, - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი.