საზოგადოება
27.08.2021 10:46
ხვალიდან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი იხსნება

საქართველოში გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი ხვალიდან, 28 აგვისტოდან გაიხსნება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, უწყების თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ქვეყნის მასშტაბით, 24 საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ, ამიტომ მოქალაქეებს დადგენილი რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველი ვალდებულია: ნადირობამდე გადაიხადოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებელი (10 ლარი);

გადახდიდან შვიდი დღის (გადახდის დღის ჩათვლით) განმავლობაში ნადირობის შემთხვევაში, თან იქონიოს ამ მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი მატერიალური ან ელექტრონული ფორმით და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოვუწოდებთ მოქალაქეებსაც, კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს - 153 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია), რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ნადირობის მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

კვირის ამბები