საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ქართველი ექიმის გათავისუფლების საკითზე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურა 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
„სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ყველა შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურასთან ერთად, 24 საათიან რეჟიმში აგრძელებს მუშაობას ბატონო ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. ჩართულია ყველა ის ფორმალური თუ არაფორმალური არხი, რომლის დასახელებისაგან, გარკვეული მიზეზების გამო, თავს შევიკავებ. თუმცა მუშაობას ვაგრძელებთ და კვლავაც იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს დღეებში მისი გათავისუფლება და მისი კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა მოხდება.
მაქსიმალური ინტენსივობით ინფორმირებულია ყველა ის საერთაშორისო ორგანიზაცია, ყველა შესაბამისი პირი, ვინც ამ საქმეში შეიძლება ჩართული იყოს. ინტენსიური კავშირი გვაქვს ოჯახთან. ამ დროისათვის ბატონი ვაჟას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ზვიად ზვიადაძემ.