შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურის მკვეთრი მომატების გამო ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი იზრდება, -ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოიჩინონ ყურადღება და ხანძრის კერების გაჩენას არ შეუწყონ ხელი.
„გაცნობებთ, რომ მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მოსალოდნელია ტემპერატურის მკვეთრი მომატება. ასევე გარკვეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რის გამოც, იზრდება ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, გამოიჩინოთ მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ. გასათვალისწინებელია, რომ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს თვითაალება შეუძლიათ, შესაბამისად, ნუ დაანაგვიანებთ გარემოს. დაკვამლიანების ან ცეცხლის შემჩნევის შემთხვევაში კი, დაუყოვნებლივ აცნობეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს“, - აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.