ტურიზმი
26.08.2021 15:19
ტანას ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა მიმდინარეობს

ტანას ხეობაში საპიკნიკე ადგილების მოწყობა მიმდინარეობს. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტის თამაზ მაყაშვილის თქმით, მიმდინარე სამუშაოები, დაახლოებით, ნოემბერში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, წინასწარ შერჩეულ ლოკაციაზე 7-8 ღია ტიპის ფანჩატურის მოწყობა იგეგმება.

„ზემოხსენებული პროექტი ორი წლის წინ შემუშავდა.  ტურიზმის  ეროვნული სააგენტოდან ჩამოსული იყო სპეციალური კომისია და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად, საპიკნიკე ადგილების შერჩევაში მივიღეთ მონაწილეობა. პირველ ლოკაციად ბობნევი-ორმოცის გზის მიმდებარე ტერიტორია შეირჩა, სადაც განთავსდება კვების ბლოკები, სველი წერტილები, მოეწყობა ატრაქციონები,  სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის და ასე შემდეგ.  უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი ტიპის საპიკნიკე სივრცეები ევროპის მრავალ ქვეყანაშია მოწყობილი,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას  თამაზ მაყაშვილმა.
ტურიზმის განყოფილების მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, უკვე განახლდა ხიდისთავი-ბობნევის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელიც ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება კი , მაყაშვილის თქმით, ტანას ხეობაში ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების ტემპს მნიშვნელოვნად დააჩქარებს.

 

კვირის ამბები