საკრებულოს კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე მომავალი წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა მოეწყო
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტები გორის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დალი ტლაშაძემ გააცნო. პროექტის დეტალური განხილვის შემდეგ, სხდომის მონაწილეებმა რეკომენდაციები გააჟღერეს და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს სხვადასხვა სფეროში გარკვეული შენიშვნებით მიმართეს.
მარლენ ნადირაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების გაერთიანებული სხდომაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც მერიამ გადმოგვიგზავნა. მომავალი წლისთვის, ბიუჯეტის გადასახდელები 42900000 ლარით განისაზღვრა, რასაც შემდეგში დაემატება რეგიონული განვითარების ფონდისა და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების თანხები. იმედი გვაქვს, როგორც წელს, 63 მილიონზე ავიდა ხარჯვითი ნაწილი, მომავალ წელსაც პროექტში ასახულ პარამეტრებს გავცდებით“.
ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ სახელით, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით გარკვეული რეკომენდაციები გაჟღერდა. „ჩვენგან დასახელებულ შენიშვნებში ძირითადად იმ თემებისა და პრობლემების მოგვარება იყო ჩადებული, რომელიც ვთვლით რომ პრიორიტეტულია, ეს ეხება სასმელ წყალს, სკოლამდელ განათლებას. ამასთან, მერიას შევთავაზებთ, რომ რიგ მუხლებს თანხის რაღაც ნაწილი მოაკლდეს და ამ პრიორიტეტული მიმართულებებისკენ მიიმართოს. არ ვამბობთ, რომ პროექტში ასახული ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვანი არ არის, პირიქით, ყველა მათგანი მოსაგვარებელია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ შემოსულობების გათვალისწინებით სწორად გავანაწილოთ ბიუჯეტი“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ მარლენ ნადირაძემ.
შეგახსნებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, გორის მერიას 25 ნოემბრამდე გადაუგზავნის. მერი კი, დაკორექტირებულ დოკუმენტს საკრებულოს დაუბრუნებს. ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხზე კი, საკრებულოს წევრები, დაახლოებით, 15 დეკემბრისთვის იმსჯელებენ.