საზოგადოება
25.08.2021 13:40
რა რეგულაციებით ჩატარდება თვითმმართველობის არჩევნები 
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ვაქცინაცია, ინდივიდუალური კალმები, პირბადე, თერმოსკრინინგი, დეზობარიერი, დამცავი ფარებით აღჭურვილი კომისიის წევრები და საარჩევნო კაბინა ფარდების გარეშე - საქართველოში, 38 დღეში თვითმმართველობის არჩევნები ასეთი რეგულაციებით ჩატარდება.

საარჩევნო ადმინისტრაცია თვითმმართველობის არჩევნების მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოში ჩატარების პირობას დებს. ამის ერთ-ერთ პირობად ცესკო საკუთარი თანამშრომლების აქტიურ ვაქცინაციას ასახელებს.

რა მდგომარეობაა გორის საარჩევნო ოლქში აცრების თვალსაზრისით და აპირებენ თუ არა საარჩევნო პროცესებში ჩართული აუცრელი მოქალაქეები ვაქცინის გაკეთებას, GMnews გორის #32-ე საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელს, მალხაზ მირუაშვილს დაუკავშირდა.

მირუაშვილის თქმით, პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გამოცდილება ცესკომ გასულ წელს უკვე მიიღო, წელს კი, რეგულაციების დაცვის პარალელურად, ვაქცინაციის საკითხსაც მიაქცევს ყურადღებას.

„ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაბამისი დადგენილებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მისულ ამომრჩეველს კვლავ დახვდება ინდივიდუალური კალმები, პირბადე, გაივლიან თერმოსკრინინგს, დეზობარიერს, ასევე, დამცავი ფარებით იქნება კომისიის ყველა წევრი და საარჩევნო კაბინა კვლავ ფარდების გარეშე მოეწყობა. ამასთან, წელს მნიშვნელოვანია ვაქცინაციის საკითხიც, საოლქო საარჩევნო კომისია უკვე ატარებს სამუშაო შეხვედრებს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებთან და ვაგროვებთ ინფორმაციას, აცრილების, აცრის მსურველების და აუცრელების შესახებ. ეს მონაცემები დამუშავდება და შემდგომი გადაწყვეტილებებიც შემდეგ იქნება მიღებული. დღეის მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ გარკვეული რაოდენობა აცრილია, ასევე საკმაო ოდენობა გამოთქვამს ვაქცინაციის სურვილს, თუმცა, დღეს დაიწყო აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და შესაბამისად, ამ დროისთვის, კონკრეტულად იმის თქმა, თუ რა პროცენტია აცრილი, არ შემიძლია“, - აცხადებს მალხაზ მირუაშვილი.
2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
კვირის ამბები