საზოგადოება
25.08.2021 13:39
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის შესაძლებლობა დღეს, 18:00 საათამდე აქვთ
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების შეცვლის შესაძლებლობა დღეს, 18:00 საათამდე აქვთ. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტებს შეუძლიათ რეიტინგულ სიაში საგანმანათლებლო პროგრამები დაამატონ, ადგილი შეუცვალონ ან წაშალონ.

ცნობისთვის, აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები.

ცენტრი ასევე შეახსენებს აბიტურიენტებს, არ დაავიწყდეთ ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემდეგ ღილაკის - „შენახვა“ გამოყენება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს გამოცდების მონაწილეებს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

25 აგვისტოს 18:00-ის შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალში ცვლილებები ვეღარ განხორციელდება.
კვირის ამბები