საზოგადოება
25.08.2021 12:30
შიდა ქართლში კორონავირუსის 2 469 აქტიური შემთხვევაა, ინფიცირებულთაგან 552 პირი სტაციონარშია მოთავსებული

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში შიდა ქართლში ჩატარებული ტესტირებისას კოვიდ 19-ით ინფიცირების 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპზე, რეგიონში კოვიდინფექციის 2 469 აქტიური შემთხვევაა, - ამის შესახებ ,,გორის მაცნესთან“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსმა განაცხადა. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, რეგიონში 2 981 პირიო იმყოფება თვითიზოლაციაში.

,,ისევე, როგორც მთლიანად, ქვეყნის მასშტაბით, შიდა ქართლშიც საკმაოდ მზარდი დინამიკაა. ინფექციის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი 15 % გახლავთ. ბოლო 24 საათში 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში აქტიური შემთხვევების რიცხვი 2 469-მდე გაიზარდა. ინფიცირებულთაგან 1 917 პირი სახლში მკურნალობს, 552 კი მოთავსებულია სტაციონარში. ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 2 981 მოქალაქე“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

ქორჩაშვილის ინფორმაციით, შიდა ქართლში მასობრივი შეკრების ახალი  კლასტერები არ ფიქსირდება.

,,მასობრივი შეკრებებიდან გავრცელებული ახალი კლასტერები არ გვაქვს, ინფექციის ბოლო ამგვარი გავრცელება გახლდათ გორის მუნიციპალიტეტში, როდესაც 7 აგვისტოს, სოფელ ზერტში გამართული ასკაციანი წვეულებიდან 19 პირს დაუდასტურდა ინფექცია“, - აღნიშნა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები