ვფიქრობ, მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ რომ დაინფიცირებულიყო, შედეგი ლეტალური არ იქნებოდა, - ამის შესახებ კორონავირუსით გარდაცვლილი გორელი მწერლის, ვაჟა შაქარაშვილის შვილი, მარიამ შაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
,,მეორე დოზის გაკეთებიდან ძალიან მალე დაინფიცირდა და ამის გამო ვდარდობდი, რადგან ვიცოდი, რომ ეს დრო არ იქნებოდა საკმარისი ანტისხეულების გამოსამუშავებლად.
მამაზე ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ, მას არ ჰქონდა არანაირი თანმდევი დაავადება, ყოველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით ჩვენ ინფორმაცია არ გვქონდა. არც კოვიდი არ ჰქონდა ორჯერ გადატანილი, მეორე აცრიდან ძალიან მალე შეხვდა ვირუსი და ანტისხეულები ჯერ არ ჰქონდა გამომუშავებული. ყველა გეუბნებათ, რომ მეორე აცრიდან ორი კვირა უნდა იყოს გასული, რომ ვაქცინამ იმოქმედოს. ნუ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას. მამა დაახლოებით ორი კვირა იწვა კოვიდ კლინიკაში და ვიცოდი, რომ ჟანგბადს ხელოვნურად აწვდიდნენ.
მამა იყო სიცოცხლით სავსე და ემოციური ადამიანი, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისთვის იმ გარემოში ყოფნა და ამ ფიქრებთან გამკლავება რთული იყო, რამაც შესაძლოა, მდგომარეობა დაუმძიმა. ვფიქრობ, მეორე დოზიდან ორი კვირის შემდეგ რომ დაინფიცირებულიყო, შედეგი ლეტალური არ იქნებოდა“, - აცხადებს მარიამ შაქარაშვილი.