საზოგადოება
24.08.2021 18:09
ჟანგბადით უზრუნველყოფის მხრივ რა ვითარებაა გორის კოვიდკლინიკებში

დღეს ცნობილი გახდა, რომ კოვიდსტაციონარებში მოთავსებული 7400 კოვიდინფიცირებული პაციენტის დიდი ნაწილი ჟანგბადზეა დამოკიდებული და ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს.

GMnews-ი დაინტერესდა, ამ მიმართულებით რა ვითარებაა ,,გორმედის“ ქსელში, სადაც 3 კოვიდკლინიკა ფუნქციონირებს.

,,გორმედს“ გააჩნია საკუთარი ჟანგბადის ქარხანა, რომელც ქსელის კლინიკებს უზრუნველყოფს ჟანგბადით, ასევე შეთანხმება გვაქვს კონკრეტულ მომწოდებლებთან და ამ დრომდე მოწოდებაზე პრობლემა არ ყოფილა, - ამის შესახებ GMnews-ს ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განუცხადა.

შრუბის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მუდმივი მონიტორინგი ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც.

,,გორმედის“ ქსელს ჟანგბადის მომარაგების მხრივ არანაირი პრობლემა არ აქვს. გარდა იმისა, რომ ,,გორმედს“ გააჩნია საკუთარი ჟანგბადის ქარხანა, რომელც ქსელის კლინიკებს უზრუნველყოფს ჟანგბადით, ასევე შეთანხმება გვაქვს კონკრეტულ მომწოდებლებთან და ამ დრომდე მოწოდებაზე პრობლემა არ ყოფილა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნულ საკითხზე მუდმივ კორდინაციაში ვართ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, აღნიშნული უწყების მხრიდან ხორციელდება ინტენსიური მონიტორინგი, რომ არ მოხდეს შეფერხება. მოგეხსენებათ, ჩვენი სამედიცინო ქსელი პანდემიის დაწყების დღიდანაა ჩართული კოვიდის მართვაში და ამჟამადაც 250 სტაციონარული პაციენტი მკურნალობს ჩვენს კოვიდკლინიკებში“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.

რაც შეეხება გორის სამხედრო ჰოქსპიტალს, თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ.3. სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი.

შეგახსენებთ, დღეს, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა განაცხადეს, რომ სტაციონარულ სექტორში მოთავსებული 7400-მდე კოვიდინფიცირებული პაციენტის დიდი ნაწილი ჟანგბადზეა  დამოკიდებული, ჟანგბადზე მოთხოვნილება იზრდება და შესაბამისად, ყველა საავადმყოფო მაღალი დატვირთვის რეჟიმში მუშაობს.

მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით, ქვეყანა, ჯერჯერობით, კრიტიკულ მდგომარეობაში არ არის, რაც განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ბევრ კლინიკას ჟანგბადის ქარხანა აქვს და ამასთანავე, ხორციელდება  ჟანგბადის იმპორტიც.

კვირის ამბები